„ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკრაინის საკითხზე პოზიციებს არბილებს, რადგან დაინახა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერც ტაქტიკურ და ვერც სტრატეგიულ წარმატებას აღწევს.
გეგელიას თქმით, ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყო.
მისივე შეფასებით, ეს განსხვავდება იმ რიტორიკისგან, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში იყენებდა - უკრაინას აკრიტიკებდა, „ომის პარტიას“ უწოდებდა და ომის დაწყებაში ადანაშაულებდა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოზიციის ცვლილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას „არ გააჩნია არავითარი პრინციპი, იდეოლოგიური შეხედულება და საკვანძო ღირებულებითი ღერძი“ და გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
„ხედავს რა იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, განსხვავებით იმ მოლოდინისგან, რაც აჰქონდა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ კიევი ერთ კვირაში დაეცემოდა, ახლა, რა თქმა უნდა, „ქოციც“ კი ხედავს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს არსებითი ტაქტიკური ან სტრატეგიული წინსვლის მიღწევას და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ უპრინციპო, უსახო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინაზე შედარებით შერბილებული პოზიცია ჰქონდეთ და ისიც კი გაახსენდათ, რომ თურმე საქართველოში ცხოვრობენ უკრაინელი ბავშვები, ვისაც დახმარება სჭირდებათ, თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება ხოლმე წელიწადში ერთხელ და თურმე ანძა შეიძლება გაანათო უკრაინის დროშის ფერებში, ნაცვლად იმისა, რომ ლანძღო უკრაინა, დაესხა მას თავს, უწოდო მას ომის პარტია და დაადანაშაულო უკრაინა იმ ომის დაწყებაში, რომელიც დაიწყო რუსეთმა, რასაც სჩადიოდნენ „ქოცები“ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის კიდევ ერთი დასტური და ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ „ქოცს“ არ გააჩნია არავითარი პრინციპი, არავითარი იდეოლოგიური შეხედულება, არავითარი საკვანძო ღირებულებითი ღერძი, არამედ ის არის, სამწუხაროდ, რუსეთთან მიერთებული, ნაცრისფერი, უსახური რეჟიმი, რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით აკეთებს ხოლმე ყველაფერს“, [IPN] - განაცხადა გეგელიამ.