კაჭრეთში პროფესიული სასწავლების რეაბილიტრებული შენობის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით ქობულეთი თავისუფალი ინდუსტრიის ზონად გამოცხადდა.
"თებერვლიდან ქობულეთში 20 სასტუმროს მშენებლობა იწყება. ანაკლიაში გვაქვს სადღაც 20 განაცხადი და კიდევ გავაგრძელებთ განაცხადების მიღებას, რადგან გვინდა, 30 სასტუმრო აშენდეს", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მესტიაში რამდენიმე ათეული სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, მესტიის განახლების იდეა კი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან წერილის მიღების შემდეგ დაებადა.
"მესტიის იდეა მე დამებადა. 2008 წელს მივიღე მესტიელების წერილი, რომელსაც ხელს 200 მესტიელი აწერდა_ გააკეთეთ მესტიაში სათხილამურო კურორტი. არა მხოლოდ ვაკეთებთ, რამდენიმე ასეული მილიონი ჩაიდო ამ რეგიონში. ალბათ კიდევ 400-500 მილიონი ჩაიდება მესტიის, როგორც სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის,"_განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, მთის აღორძინების მიღმა ბევრად მეტი ფილოსოფიაა, ვიდრე უბრალოდ თხილამურებით სრიალია. ამის მაგალითად სააკაშვილმა კომუნისტებისა და მანამდე რუსეთის იმპერიის მიერ მოსახლეობისგან მთის შეგნებულული დაცლა გაიხსენა.
"ცლიდნენ ჩვენს მთას, რადგან მთა იყო ყველაზე დაუმორჩილებელი და აქ იყო ყველაზე მეტი ეროვნული სულისკვეთება. მთა მიუწვდომელი იყო, ამიტომ, თამარ მეფიდან დაწყებული, ყველა ჩვენი მეფე, აქ ინახავდა საგანძურს, მისი ჩახშობა ძალიან ძნელი იყო. ამიტომ იყო კონცეფცია, რომ მთა უნდა დავაცარიელოთ და რაც დარჩა, გამოვაცხადოთ ცალკე ნაკრძალად. ჩვენ ვაძლევთ მთას არსებობის შესაძლებლობას,"_აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მესტიაში ახლა შესანიშნავი გზა კეთდება და კლდეში გამოღრუტნული გვირაბების ნაცვლად ჩვეულებრივი ევროპული გვირაბები კეთდება.