მთავრობა კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მანდატურების შეყვანასთან დაკავშირებით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
აღნიშნული საკითხი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დააყენა.
როგორც ხუროშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, მას შემდეგ, რაც მანდატურები საჯარო სკოლებში შევიდნენ, მოზარდებს შორის დაპირისპირების, გამოძალვის, სიგარეტის მოწევის ფაქტები და ე.წ. "შატალოები" 95%-ით აღმოიფხვრა.
"სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, სად სწავლობენ ჩვენი შვილები, მათი უსაფრთხოება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ამიტომ ჩვენ შეგვყავს მანდატურები კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებშიც", - აღნიშნა ხუროშვილმა.