პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
კუპრაძის განცხადებით, პარტიები შეთანხმდნენ , რომ საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე შეჯერდებიან საერთო - მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე.
"ვინმემ უნდა დაიცვას ქართველი ხალხის უფლებები და მათი ყოველდღიური ყოფა - სწორედ ამიტომ შევდივართ საბრძოლველად 2025 წლის ე.წ ადგილობრივ არჩევნებში.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ დავდგეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.
სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებები “ გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველო” ხელს ვაწერთ მემორანდუმს მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გულისხმობს საერთო კოორდინაციას ყველა მიმართულებით.
ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებები ვთანხმდებით, საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე შევჯერდეთ საერთო - მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე.
კარგად გვაქვს გააზრებული, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება ადგილობრივი არჩევნების გაყალბებას/მოპარვას. მაგრამ ვინმემ უნდა იბრძოლოს და ილაპარაკოს ხალხის სახელით მათ საჭიროებებზე და პრობლემებზე.
პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ვინც სხვაგვარად უყურებს ბრძოლას - მაგრამ ყველანი ვთანხმდებით მთავარ მიზანზე: დავამთავროთ არალეგიტიმური რუსული მმართველობა და დავუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, პროტესტში ჩართულ აქტიურ ადამიანებს, შემოგვიერთდით! ეს არის დასაწყისი დიდი ბრძოლისა! ჩვენი კარი ღიაა ყველა პოლიტიკური ძალისა თუ სამოქალაქო ჯგუფისთვის!”, - წერს ირაკლი კუპრაძე.
ბერდია სიჭინავას თქმით, შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ ნორმალიზებას ახდენენ რაიმე პროცესის.
"ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმებას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის მასშტაბური გაშლის, გაფართოების, ახალი მუხტის მიცემის კიდევ ერთი ხაზია", – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.