საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას მიესალმება.
"მივესალმებით იმ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც საგაზაფხულო სისიის დასაწყისშივე პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით მოდის საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წლის დასაწყისშივე ჩვენ გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტიები და დავსვათ სწორი აქცენტები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ასევე პოლიტიკური სისტემის შემდგომი რეფორმაციასა და განვითარებისთვის", - აღნიშნა დღეს ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც კონსტიტუციური რეფორმა მთავარი საკანონმდებლო შედეგი იყო, მიმდინარე წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველა ელოდება საარჩევნო გარემოს, მედიაგამჭირვალობის მიმართულებით დადებით შედეგს.
"საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი პოლიტიკური ფრაქციების სახელით მინდა ავღნიშნო, რომ მზად ვართ აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საპარლამენტო უმრავლესობასთან. იმედი გვაქვს, თავად საპარლამენტო უმრავლესობა, პრემზიდენტი სააკაშვილი კარგად ითვალისწინებენ იმას, რამდენად დიდია მოლოდინები დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და პოლიტიკური სისტემის შემდგომი განჯანსაღების კუთხით", - აცხადებს უმცირესობის ლიდერი.
თარგამაძის შეფასებით, მომავალ კვირაში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის დაგეგმვა მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური თუ სოციალური პროცესები მკვეთრად უნდა აისახოს სამთავრობო გეგმაში, რომელიც გარკვეულწილად გაჟღერდება და პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება.
"გთავაზობთ, რომ არ დავკარგოთ დრო და სააკაშვილის გამოსვლამდეც გარკვეული სახის დისკუსია დავიწყოთ, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ინფლაციური პროცესების განვითარების კუთხით სამთავრობო გეგმის მზადებას. ჩვენ შეგვიძლია საკომიტეტო მოსმენების დონეზეც გარკვეული მოთელვის სახით ეს პარლამენტის დღის წესრიგში ჩავინიშნოთ", - აღნიშნა თარგამაძემ.