ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჰააგაში ალიანსის სამიტის დროს წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თემაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
მისი თქმით, მიზანია უკრაინის წინააღმდეგობისთვის საუკეთესო პირობების შექმნა და მომავალში გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
რუტემ აღნიშნა, რომ სამიტის დროს ნატო-ს 32 წევრი სახელმწიფო უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებასა და მის მხარდაჭერაზე იმსჯელებს, ვიდრე საომარი მოქმედებები გრძელდება.
„რაც შეეხება უკრაინას, ესეც სამიტზე განხილვის თემა იქნება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ, ვიდრე ბრძოლა გრძელდება, მიიღოს ყველა შესაძლო კოლექტიური მხარდაჭერა, რათა ჰქონდეს საუკეთესო პოზიცია მის გასაგრძელებლად“, - აღნიშნა მარკ რუტემ.
„და როდესაც მშვიდობა დამყარდება, ეს უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც იქნება ხანგრძლივი და მდგრადი“, - დასძინა მან.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, „აღარასდროს დავუბრუნდეთ მინსკის შეთანხმებების გამეორებას“.
„აი, რას ველი ჰააგის სამიტიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამის მიღწევას შევძლებთ. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ნატო, 32 ქვეყნით, 50 ტრილიონი დოლარის ეკონომიკით, თუ ამ ყველაფერს თავდაცვის ხარჯებთან ასეთ დონეზე გავაერთიანებთ, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ დავიცვათ თავი ნებისმიერი მოწინააღმდეგისგან, ნებისმიერი მტრისგან“, - აღნიშნა მარკ რუტემ.