ეს არის პასუხი კობახიძის სულელურ წერილზე და "ქართული ოცნების" იმ განცხადებებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ანტიამერიკულ მთავრობად" მოხსენიებას.
"ინტელექტუალურ შეცდომასთან გვაქვს საქმე. ვერ იგებენ ვერაფერს. როდესაც მარკო რუბიო საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად ამბობს და იწყებს ლაპარაკს იმით, რომ იქ, სადაც არის ამერიკის საწინააღმდეგო მმართველობა, ჩვენ ვართ გადასინჯვის პროცესში და აუცილებლად გვექნება რეაქცია, მგონი აქ გაგება არის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა.
როდესაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სინქრონულად მოქმედებს კონკრეტული ამოცანის მიმართ, ეს ამოცანა სრულდება. ყველაზე ცუდი ამბავი საქართველოსთვის იქნება, რომ "ქართულმა ოცნებამ" მორიგ ჯერზე ვერ გაიგოს ეს პირდაპირი გზავნილი და საქმე უფრო მძიმე დრამამდე მიიყვანოს, თავისი მხრიდან მცდელობა არ დააკლოს, რომ გაწყდეს ურთიერთობები. არის არა მარტო ამ სულელური წერილის პასუხი, არამედ ასევე იმ განცხადებების სერიაზე პასუხი, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ". - განიცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველს".
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს მთავრობას ანტიამერიკული უწოდა. "[უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს", - განაცხადა მარკო რუბიომ.