ეგვიპტეში, კვირას, 8 ნოემბერს, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
ავარია კაიროს სამხრეთით, გიზის პროვინციაში, ელ-აიატის რაიონში მოხდა.
ეგვიპტის რკინიგზის მონაცემებით, მატარებელი, რომელიც გიზიდან ელ-ფაიუმისკენ მიემართებოდა, კაიროდან ასუანის მიმართულებით მოძრავ მეორე მატარებელს უკნიდან შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულების ევაკუაციისთვის 72 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნეს. დაშავებულები სამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ისინი ნანგრევებს ასუფთავებენ და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ცდილობენ.