ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი ივანიშვილის თავს არ დაკიდებულა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„პრინციპულად ახალი არაფერი ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მკაფიოდ, ღიად და ხაზგასმულად ოფიციალური პირის მიერ ანტიამერიკული მთავრობა ეწოდა. ამას რა მნიშვნელობა აქვს და როგორი განვითარება მოყვება ხოლმე, სხვამ თუ არავინ, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის. აქედან მინდა მას მივმართო, რომ ამაზე უფრო საშიში ნიშანი ჯერ მის თავს არ დაკიდებულა, ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი მის თავს ჯერ არ დაკიდებულა. უნდა გაჩერდეს, რადგან საბოლოო გაფრთხილებების დროა, თუ არადა განსხვავებულად გადაწყდება მისი პერსონალური ბედი". - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს მთავრობას ანტიამერიკული უწოდა. "[უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს", - განაცხადა მარკო რუბიომ.