თეთრი სახლი ირანში SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის, Starlink-ის შექმნის შესაძლებლობაზე ილონ მასკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს ირანელებს, რომლებიც თვეზე მეტია 22 წლის მაჰსა ამინის "მორალის პოლიციის" მიერ დაკავებიდან მალევე გარდაცალებას აპროტესტებენ.
მედია წერს, რომ თეთრი სახლი Starlink-ს ადვილად გამოსაყენებელ ტექნოლოგიად ხედავს, რომელმაც, პოტენციურად, შესაძლოა, წინააღმდეგობა გაუწიოს ირანის რეჟიმის ძალისხმევას, შეზღუდოს ინტერნეტი აქტივისტებისთვის.
"ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ ირანელი ხალხის მისწრაფებებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, წერტილი. ამავდროულად, ეს არის ნამდვილად ირანული მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ახალგაზრდა გოგონები და რომელიც ვრცელდება საზოგადოების სხვა ასპექტებზე", - უთხრა წყარომ CNN-ს.
ცნობისთვის, ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი, რომელიც "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა, კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. მას სასტიკად სწორედ ირანელი სამართალდამცველები გაუსწორდნენ.