ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, ქვეყნის დედაქალაქს ნურ-სულთანის ნაცვლად კვლავ ასტანა ეწოდოს. იტყობინება "რადიო სვობოდა" ("რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი სამსახური) ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, რუსლან ჟელდიბაის განცხადებაზე დაყრდნობით.
"დეპუტატების წინადადება შეტანილია საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში. ამასთან, პრეზიდენტი ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს ნურსულთან ნაზარბაევის გადამწყვეტ როლს ყაზახეთის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დედაქალაქის ჩამოყალიბებაში", - აცხადებს რუსლან ჟელდიბაი.
მან ასევე განმარტა, რომ ნურსულთან ნაზარბაევის სახელთან დაკავშირებული სხვა ტოპონიმები არ შეიცვლება.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურ-სულთანი 2019 წლის მარტში ეწოდა, მას შემდეგ რაც თავისი ინაუგურაციის დროს ასეთი ინიციატივით ყასიმ-ჟომართ თოყაევი გამოვიდა.