გაერთიანებული სამეფოს გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად მოსაწვევები არ გაგზავნილა რუსეთში, ბელარუსსა და მიანმარში. იტყობინება Associated Press-ი ბრიტანეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
ამასთან, მედიის ცნობით, ირანი წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ელჩის დონეზე.
როგორც იუწყებიან, რუსეთი და ბელარუსი უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო არ მიიწვიეს. ცნობილია, რომ ბელარუსი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
რაც შეეხება მიანმარს. სავარაუდოდ, მოსაწვევის არგაგზავნა უკავშირდება ხუნტის მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებას, რის შედეგადაც დაემხო დემოკრატიულად არჩეული სამოქალაქო მთავრობა. ამავდროულად, მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობამ რუსეთთან შეინარჩუნა მეგობრული ურთიერთობა და უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ, ხუნტის ლიდერი არაერთხელ ეწვია მოსკოვს.
დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვა 19 სექტემბერს გაიმართება. მოელიან, რომ ღონისძიებას 500-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მონარქები, პრეზიდენტები, მთავრობათა მეთაურები და სხვა.
დაკრძალვაზე დასწრება უკვე დაადასტურეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, იაპონიის იმპერატორმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა, იტალიის პრეზიდენტმა და სხვებმა.
ცერემონიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ლონდონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.