რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ომის შედეგად რუსეთს "არაფერი დაუკარგავს" და "არც არაფერს დაკარგავს". ამის შესახებ პუტინმა 7 სექტემბერს ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მთავარი შენაძენი ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაა", - ამბობს პუტინი. ამასთან, მისი აზრით, "გარკვეული პოლარიზაცია როგორც მსოფლიოში, ისე ქვეყნის შიგნით" "მხოლოდ სარგებელს მოიტანს".
პუტინის მტკიცების მიუხედავად, დასავლეთის დაზვერვა რუსეთის არმიის უზარმაზარ დაკანარგებზე იტყობინება. 8 აგვისტოს პენგატონმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 70 000-დან 80 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 6 სექტემბერს გამოცხადებული შეფასებით, რუსეთის ჯარებმა ომის დაწყებიდან 50 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგეს.
რუსეთმა ზარალის შესახებ ოფიციალური მონაცემები 25 მარტს გამოაქვეყნა - 1351 დაღუპული, 3825 დაჭრილი.
სამხედრო და ადამიანური დანაკარგების გარდა, რუსეთი ეკონომიკურ უკუსვლას განიცდის. 6 სექტემბერს, Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ხანგრძლივი რეცესიისთვის ემზადება.