ევროპარლამენტარებმა "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფიდან, აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ "სახაროვის პრემიაზე" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი წარადგინეს.
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინის მამაცი ხალხი, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, იმსახურებს სახაროვის პრემიის მიღებას აზრის თავისუფლებისთვის. ისინი ყოველდღიურად აგრძელებენ ბრძოლის ველზე ევროპული ღირებულებების დაცვას. იმედი მაქვს, რომ ჩვენს კანდიდატურას მხარს დაუჭერს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი", - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.
გასულ წელს სახაროვის პრემია რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მიიღო, 2020 წელს - ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, 2018 წელს - უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა.
სახაროვის პრემია არის ევროკავშირის მთავარი ჯილდო ადამიანის უფლებათა სფეროში.
სახაროვის პრემია დაარსდა 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში:
ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
უმცირესობის უფლებების დაცვა.