ბუდაპეშტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება, თუ ბრიუსელი პერსონალურ სანქციებს არ მოუხსნის 3 რუს ოლიგარქს. იტყობინება "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
იაზვიაკის წყაროები, ანონიმურობის დაცვის პიროებით, აცხადებენ, რომ უნგრეთი ითხოვს პერსონალური სანქციების მოხსნას ალიშერ უსმანოვისთვის, პიოტრ ავენისა და ვიქტორ რაშნიკოვისთვის.
უახლოეს დღეებში, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის ელიტისა და პუტინის რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 6 თვით გახანგრძლივების თაობაზე.
აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები 7 სექტემბერს განიხილავენ, საბოლოო გადაწყვეტილებაზე 15 სექტემბრამდე უნდა შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნას მიღებული.
სანქცირებულთა სიაში ამჟამად 1217 ფიზიკური და 108 იურიდიული პირია. ამ სიაში ალიშერი უსმანოვი და პიოტრ ავენი თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღებიდან მალევე, მოხვდნენ, ხოლო რაშნიკოვი - მარტში.
ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის განრდა, ბუდაპეში მოითხოვს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალება მიეცეთ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან ურთიერთობისა.
ვარაუდობენ, რომ უნგრეთი ამით ახორციელებს ზეწოლას ბრიუსელზე, რათა გაიტანოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი - უნგრეთისთვის ფინანსური პაკეტის დამტკიცება, რომელიც გადაიდო კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ბუდაპეშტის მიმართ ეჭვების გამო.
რადიო თავისუფლებამ მოთხოვნა გაუგზავნა უნგრეთის ხელისუფლებას, მაგრამ ოფიციალური პირებიდან არავის გაუკეთებია კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე.