რომის პაპი იოანე პავლე I, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას 1978 წელს 33 დღის განმავლობაში მეთაურობდა, ვატიკანში ნეტარად შერაცხეს.
ბეატიფიკაციის ცერემონიას ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე დაესწრო.
რომის პაპმა ფრანცისკემ პაპ იოანე პავლე პირველის ბეატიფიკაციის თარიღად 2022 წლის 4 სექტემბერი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დანიშნა.
იოანე პავლე პირველის კანონიზაციის პროცესი 2003 წლიადან დაიწყო. წმინდანთა განდიდების კონგრეგაცია 2017 წლამდე სწავლობდა სხვადასხვა ინფორმაციასა და დოკუმენტებს.
2021 წლის 13 ოქტომბერს, პაპმა ფრანცისკემ განდიდების კონგრეგაციას მიანიჭა უფლებამოსილება გამოექვეყნებინათ დეკრეტი, სადაც აღიარებული იქნებოდა სასწაული, რომელიც მოხდა პაპ იოანე პავლე I-ის "ზეციური ქომაგობის" წყალობით.
დეკრეტის თანახმად, 2011 წელს, სასწაულებრივად განიკურნა არგენტინელი გოგონა ბუენოს აირესში, ეს მოვლენა კი გახდა გადამწყვეტი პაპის ნეტარად შერაცხვის პროცესის დაწყებისთვის.
იოანე პავლე I (იტალიელი ალბინო ლუჩანი) რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური იყო 1978 წლის 26 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე.
იმისათვის, რომ ადამიანი ნეტარად შეირაცხოს, აუცილებელია, მისი გარდაცვალების შემდეგ, მის სახელს ერთი სასწაული მიეწერებოდეს. ვატიკანის მიერ წმინდანად შერაცხვა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ამ ადამიანთან სულ ცოტა ორი სასწაულია დაკავშირებული.
კათოლიკური ეკლესიის კანონის თანახმად წმინდანად შერაცხვამდე ჯერ უნდა მოხდეს კანდიდატის ნეტარად შერაცხვა.
ბოლო 1000 წლის განმავლობაში, მხოლოდ 8 რომის პაპი შერაცხეს წმინდანად.