ევროკავშირი კარგად არის მომზადებული რუსული გაზის შესაძლო სრული შეწყვეტისთვის. განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ 3 სექტემბერს, ეკონომიკურ ფორუმზე.
ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი აქტიურად აგროვებს გაზს თავის საცავებში და იღებს ზომებს ენერგიის დაზოგვის მიზნით.
"ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების", - თქვა ჯენტილონიმ და დასძინა, რომ ევროკავშირი რუსეთისგან კონტრაქტების პირობების დაცვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში "მზადაა რეაგირებისთვის".
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, "მომარაგების დივერსიფიკაციის წყალობით" ევროკავშირში გაზის საცავები ახლა დაახლოებით 80 პროცენტით არის სავსე. გერმანიაში გაზის მარაგები 3 სექტემბრის მდგომარეობით 84.53%-მდე შეივსო.
შეგახსენებთ, რუსულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა "გაზპრომმა" 3 სექტემბრიდან აღარ განაახლა ევროპისთვის "ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
"გაზპრომი" მილსადენის მუშაობის შეჩერების მიზეზად საკომპრესორო სადგურზე ნავთობის გაჟონვას ასახელებს.
უკრაინაში გაჩაღებული ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, "გაზპრომს" მანამდეც შემცირებული ჰქონდა ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება.
შექმნილი ვითარების ფონზე, ევროკავშირმა გააქტიურა მუშაობა ბაზრის დივერსიფიკაციის, ენერგიის დაზოგვისა და საცავების შევსების მიმართულებით.