ვაშინგტონმა არ მისცა ვიზები რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებიც გაეროს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ იორკში მიეშურებოდნენ. აღნიშნულის თაობაზე, სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ვალერი ნებენზიამ, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ნებენზიას ცნობით, დელეგაციას რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი მეთაურობდა. დელეგაცია გაერო-ს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას უნდა დასწრებოდა.
"ამერიკული მხარის ქმედებების გამო ჩაიშალა სამიტში მონაწილეობა რუსეთის დელეგაციისა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი ხელმძღვანელობდა. რუსეთის დელეგაციას უბრალოდ ვიზა არ მიუღია", - განაცხადა ნებენზიამ.
მან მომხდარს "გაერო-ს შტაბ-ბინების შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევა უწოდა".