ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ-თოყაევი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერისადმი გავრცელებულ მიმართვაში ილაპარაკა.
ამასთან, თოყაევმა საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდა.
საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2024 წელს, ხოლო საპარლამენტო 2025 წელს არის ჩანიშნული.
თოყაევის ინიციატივაა, საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის პირველ ნახევარში.
"მოგეხსენებათ, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს. (...) გთავაზობთ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ამ შემოდგომაზე", - თქვა თოყაევმა მიმართვაში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის უმთავრესი სახელმწიფოს ინტერესებია, ამიტომ მზადაა წავიდეს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიუხედავად საკუთარი უფლებამოსილების შემცირებისა.
„სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, - განაცხადა თოყაევმა.
გარდა ამისა, ის გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, მეორე ვადით არჩევა კი აიკრძალოს.
თოყაევმა ასევე გამოაცხადა ამნისტია ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთათვის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულები.
„გაფიცვების მონაწილეებიც და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან. მათ აქვთ არა მხოლოდ სასამართლოს სამართლიანობის, არამედ საზოგადოების ლმობიერების იმედი“, - აღნიშნა თოყაევმა.