ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაზის საცავების 80 პროცენტი შევსებულია.
"ევროკავშირის დონეზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ წყაროების დივერსიფიცირებას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ითაა შევსებული, მაგრამ იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე, განახლებადი წყაროები გვჭირდება. დღეს აღებული ვალდებულებები უკვე შესაძლებელს ხდის 2030 წლისთვის ევროკავშირში ოფშორული ქარის ენერგიის შესახებ ჩვენი მიზნის 1/3-ის მიღწევას", - აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ამავდროულად, გაზის საცავების დაგეგმილზე ადრე შევსების თაობაზე იუწყება გერმანული მედია. Deutschlanfunk-ის ცნობით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ევროპის მარაგის 80,1 პროცენტი შევსებულია.
28 აგვიტოს, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაზის საცავებს დათქმულ ვადაზე ადრე ავსებს.
ევროკავშირის შესაბამისი დირექტივა ითვალისწინებს გერმანიაში გაზის საცავების შევსების აუცილებლობას 1-ელ ოქტომბრამდე მინიმუმ 85 პროცენტით, 1 ნოემბრამდე - მინიმუმ 95 პროცენტით.
უკრაინაში გაჩაღებული ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, "გაზპრომმა" უკვე შეამცირა გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის.
27 ივლისიდან Nord Stream-ის გავლით გაზის მიწოდება მისი გამტარუნარიანობის 20 პროცენტამდე შემცირდა, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე "გაზპრომმა" საერთოდ შეაჩერა მილსადენი მუშაობა.