ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
ანუშაუსკასის განცხადებით, მიხეილ გორბაჩოვი იყო კრიმინალი, რომელმაც ვილნიუსში და სხვაგან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ბრძანება გასცა.
"ის იყო კრიმინალი, რომელმაც ვილნიუსში, თბილისში, ალმათში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ბრძანება გასცა. მონანიება არ ყოფილა. ასეთია მოგონებები, მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. თუმცა, ამჯერად არა. ერთადერთი პლიუსი არის ის, რომ მან ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის კაპიტულაციას", - განაცხადა ანუშაუსკასმა.
გორბაჩოვი 30 აგვისტოს 91 წლის ასაკში, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა.
1985-1991 წლებში ის იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. დასავლეთში მას აფასებენ, როგორც ლიდერს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სსრკ-სა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობაში, ცივი ომის დასრულებასა და საბჭოთა კავშირში დემოკრატიული რეფორმების გატარებაში.
" მახსოვს, რომ მიხეილ გორბაჩოვმა დასავლეთში ეიფორია გამოიწვია. მაგრამ ის იყო კრიმინალური პარტიის ლიდერი და მისი ბუნება "გლასტნოსტმაც" (საჯაროობა) ვერ შეცვალა. ლიტუველებმა და სხვებმა კი ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით დამოუკიდებლობის აღდგენისთვის", - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.
მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის დროს კრემლმა სისხლში ჩაახშო საპროტესტო გამოსვლები საბჭოთა კავშირში, მათ შორის - 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, 1991 წლის იანვარში ლიეტუვაში, ბაქოში და სხვა ქალაქებში.
მსოფლიოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალების გამო.