რუსული ენერგეტიკული კონცერნი "გაზპრომი" საფრანგეთისთვის გაზის მიწოდებას კიდევ უფრო ამცირებს.
საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორის Engie-ს განცხადებით, 30 აგვისტოს "გაზპრომმა" მას აცნობა გაზის მიწოდების დამატებით შემცირების თაობაზე.
განცხადების თანახმად, გაზის მიწოდების შეზღუდვა "გაზპრომსა" და Engie-ს შორის კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო მოხდება, თუმცა კონკრეტულად რას ეხება ეს უთანხმოება არ არის მითითებული.
საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის, ანეს პანიე-რიუნაშეს განცხადებით, რუსეთი ბუნებრივ აირს სამხედრო იარაღად იყენებს.
"აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს და ჩვენ ყველაზე უარესის სცენარისთვის, გაზის მოწოდების სრული შეწყვეტისთვის უნდა ვემზადოთ", - თქვა მინისტრმა პრესასთან.
Engie აღნიშნავს, რომ მან უკვე დააგროვა გაზის საკმარისი მარაგები მომხმარებლების მიწოდებისთვის და დანერგა მთელი რიგი შემარბილებელი ზომები რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში.
"გაზპრომმა" საფრანგეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება თავდაპირველად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეამცირა.