თურქული გაზეთის Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთმა, მონტრეს კონვენციით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, ხუთჯერ გაზარდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის ღირებულება.
გაზეთის ინფორმაციით, თურქეთმა გააუქმა 1983 წელს მიღებული საგადასახადო სისტემა, რომელიც განაკვეთზე 75%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებდა.
ახალი საგადასახადო სისტემის ამოქმედების შემდეგ, თურქეთის წლიური შემოსავალი 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. მანამდე, სრუტეების გავლის მომსახურებისთვის, თურქეთი წლიურად 40 მილიონ დოლარს იღებდა.
მონტრეს კონვენციამ 1936 წელს აღადგინა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი.
კონვენციის თანახმად, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედრო გემების გავლა ბოსფორისა და დარდანელის გავლით.