რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, რუსი პროპაგანდისტის დარია დუგინას მკვლელობის მომზადებაში უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, ბოგდან ციგანენკო მონაწილეობდა.
უწყების განცხადებით, ციგანენკო არის "უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის წევრი", რომელმაც "მოამზადა" დუგინას მკვლელობა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, ციგანენკომ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკს მიაწოდა ყალბი სანომრე ნიშნები და დოკუმენტები, ასევე ვოვკთან ერთად დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
"ბოგდან ციგანენკო რუსეთში ესტონეთიდან 30 ივლისს ჩავიდა და ქვეყნის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსი ულტრანაციონალისტისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს ღამით, მოსკოვში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია და მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან. მათივე განცხადებით, მკვლელობა უკრაინის მოქალაქემ ნატალია ვოვკმა ჩაიდინა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კატეგორიულად უარყო უკრაინის მონაწილეობა დარია დუგინას მკვლელობაში. მისი თქმით, დუგინას მკვლელობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფება იბრძვის ძალაუფლებისთვის.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.