28 აგვისტოს, ორი ამერიკული ხომალდის მიერ საერთაშორისო წყლებში, ტაივანის სრუტის გავლა სრულად შეესაბამება აშშ-ის მიერ აღიარებულ „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“. ამის შესახებ ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა CNN-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ „ეს დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი“.
"ორი გემის გავლა სრულად შეესაბამება "ერთი ჩინეთის" პოლიტიკას, ისევე როგორც ჩვენს სურვილს, დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის",- თქვა კირბიმ.
ორი ამერიკული ხომალდის გავლა ტაივანის სრუტეში პირველი ასეთი ოპერაცია იყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ.
მანამდე, აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ კრეისერები Chancellorsville და Antietam ატარებდნენ რუტინულ ოპერაციას. ბოლო წლებში ამერიკული სამხედრო ხომალდები და ზოგჯერ გემები მოკავშირე ქვეყნებიდან, როგორიცაა ბრიტანეთი და კანადა, რეგულარულად გადიოდნენ სრუტეში.
"ამ გემებმა გაიარეს კორიდორი სრუტეში, რომელიც მდებარეობს ნებისმიერი სანაპირო სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების მიღმა" - აცხადებენ აშშ-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლები.