The Wall Street Journal-ის თანახმად, აუქციონის სახლმა Christies’s-მა მიიღო უფლება, აუქციონზე გაყიდოს ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის თანადამფუძნებლის, აწ გარდაცვლილი პოლ ალენის ნახატების კოლექცია, რომელიც სახელგანთქმული მხატვრების ნამუშევრებს შეიცავს.
Christies’s-ი მოელის, რომ ნახატების გაყიდვიდან, სულ მცირე 1 მილიარდ დოლარს მიიღებს.
აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ ნოემბრის გაყიდვიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას გადაეცემა, როგორც ეს ალენს სურდა.
ალენის ნახატების კოლექცია შესაძლოა გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული. ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის მილიარდერ ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი მეუღლის, ლინდას ხელოვნების კოლექციას. წყვილმა კოლექცია განქორწინების შემდეგ აუქციონზე გაიტანა და 922 მილიონი დოლარი მიიღო.
პოლ ალენი, რომელმაც 1975 წელს ბილ გეიტსთან ერთად Microsoft-ი დაარსა, 2018 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. იმ ხანად, მისი ქონება 20 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
Christies’s-ის წარმომადგენელთა განცხადებით, აუქციონის სახლმა უკვე დაიწყო პოლ ალენის კოლექციაში დაცული ნახატების კატალოგიზაცია. სრული ინფორმაცია ნოემბერში გამართულ აუქციონზე იქნება ხელმისაწვდომი.
პოლ ალენის კოლექციაში დაცულია იმპრესიონისტების, მოდერნისტებისა და თანამედროვე მხატვრების არაერთი ნამუშევარი. კონკრეტულად რომელი ნახატი გაიყიდება აუქციონზე უცნობია, რადგან მილიარდერმა კოლექციის ნაწილი სხვადასხვა მუზეუმს გადასცა.
როგორც ცნობილია, პოლ ალენი ფლობდა კლოდ მონეს, ედგარ დეგას, პოლ გოგენის, პოლ სეზანის, ოგიუსტ რენუარის, ჯასპერ ჯონსის, გუსტავ კლიმტის, სანდრო ბოტიჩელისა და სხვათა ნამუშევრებს.