25 აგვისტოს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, რუსულენოვანი საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დასრულდა გამარჯვების პარკში მდებარე საბჭოთა მონუმენტური კომპლექსის დემონტაჟი, რომელიც ამ დრომდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ეპოქის უდიდესი ძეგლად ითვლებოდა.
მემორიალური კომპლექსის ბოლო ელემენტი, 79-მეტრიანი სვეტი, თავზე საბჭოთა ვარსკვლავით, დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტების თანხლებით ჩამოაგდეს.
მთლიანად კომპლექსის დემონტაჟი სამი დღე გრძელდებოდა. 23 აგვისტოს სამი მეომრის ქანდაკება ამოიღეს, 24 აგვისტოს კი ქალის ფიგურა ("დედა სამშობლო") დაშალეს.
ეს ძეგლი 1985 წელს, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების მე-40 წლისთავის აღსანიშნავად აღმართეს. ლატვიის მრავალ მაცხოვრებელს ეს კომპლექსი თითქმის 50-წლიანი საბჭოთა ოკუპაციას ახსენებდე, რომელიც მხოლოდ 1991 წელს დასრულდა. რუსული უმცირესობა, რომელიც ლატვიის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენს, მრავალი დღეა აპროტესტებს ძეგლის დანგრევას. მწვავე პროტესტი გამოთქვა რუსეთის ხელისუფლებამაც.
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი მიესალმა მემორიალური კომპლექსის დემონტაჟს.
"ეს ძეგლი გვახსენებდა ჩვენს ოკუპაციასა და მასთან დაკავშირებული მრავალი ადამიანის ბედს - დეპორტაციას, რეპრესიებსა და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ძეგლი", - განაცხადა მან.
რიგის მერი მარტინ სტაკისი ასევე მიესალმა ძეგლის დანგრევას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით. მან ამ მოვლენას უწოდა "ისტორიული მომენტი რიგისა და მთელი ლატვიისთვის".
ლატვიაში, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომის ფონზე, გადაწყდა, რომ 15 ნოემბრისთვის ტოტალიტარული რეჟიმის განმადიდებელი ყველა ობიექტის დემონტაჟი განხორციელდება.