უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის ინიციატივას.
"ჩვენ ვეთანხმებით გერმანიის კანცლერის პოზიციას და არ ვაპირებთ რაიმე შეზღუდვის შემოღებას", - დაწერა მან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, ამ თვის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს დაეწესებინა რუსებისთვის სამოგზაურო აკრძალვა.
22 აგვისტოს, რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის ინიციატივას არ დაეთანხმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, პორტუგალია, საბერძნეთი და კვიპროსი. ვიზების აკრძალვას ასევე არ ეთანხმებიან გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს 31 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.