რუსი ბიზნესმენი კონსტანტინე მალოფეევი თავის ტელეგრამის არხზე აქვეყნებს ულტრანაციონალისტი ალექსანდრ დუგინის განცხადებას მისი ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
დუგინმა თქვა, რომ მისი ქალიშვილი დარია "ნაცისტური უკრაინის რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა".
"რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის, მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ. მათ სისხლიანი ტერორით სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი გული უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ვიდრე შურისძიებაა, ეს ძალიან მცირეა, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ამ გამარჯვებას შეეწირა ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ. ჩვენ გვინდოდა, ის აღგვეზარდა ჭკვიან და გმირ ადამიანად. დაე, ახლა შთააგონოს ჩვენს შვილებს გმირობა“, – ამბობს დუგინი.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, რუსი ულტრანაციონალისტისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია და მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.
დარია დუგინა 20 აგვისტოს ღამით, მოსკოვში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. შემთხვევიდან მალევე, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლის ლიდერმა, დენის პუშლინმა მკვლელობაში უკრაინა დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კატეგორიულად უარყო უკრაინის მონაწილეობა დარია დუგინას მკვლელობაში. მისი თქმით, დუგინას მკვლელობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფება იბრძვის ძალაუფლებისთვის.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.