რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას რუსი სამხედროების წინააღდეგ ქიმიური აგენტების გამოყენებაში ადანაშაულებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 31 ივლისს, ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ჯარისკაცები მძიმე მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, გამოკვლევით დადგინდა, რომ სამხედროების ორგანიზმში ხელოვნური წარმოშობის ორგანული შხამი - B ტიპის ბოტულინის ტოქსინი აღმოუჩინეს.
თავდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გაუგზავნის "კიევის რეჟიმის ქიმიური ტერორიზმის მტკიცებულებებს".
ამავდროულად, აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ატარებს დამატებით გამოძებას იმის დასადგენად, ხომ არ მოიწამლა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ოლქის ე.წ. მეთაური, ვლადიმირ სალდო, იგივე ქიმიური აგენტებით.
უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.