დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ მან TV2-ის ინფორმაციით, სააგენტო Ritzau-ს განუცხადა.
კოფოდის თქმით, თუკი ევროკავშირის საერთო წესების შემოღება ვერ მოხერხდება, მთავრობა მზად არის გადახედოს დანიაში არსებულ წესებს.
"თუ ეს ვერ მოხერხდება საერთო გადაწყვეტილებით, დანიის მხრიდან განვიხილავთ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის რაოდენობას", - განაცხადა კოფოდმა.
"ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ რუს ტურისტებს შეუძლიათ გარუჯვა და მდიდრული ცხოვრება ევროპის სამხრეთში, მაშინ როცა უკრაინის ქალაქები განურჩევლად იბომბება", - თქვა კოფოდმა.
შეგახსენებთ, ფინეთი 1-ლი სექტემბრიდან რუსებზე გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობას 10-ჯერ შეამცირებს.
18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემას შეწყვეტს. 5 აგვისტოს ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
12 აგვისტოს ჩეხეთმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების გაცემის აკრძალვას და ამ საკითხს დააყენებს აგვისტოში პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.
ევროპული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში ყველა ქვეყანა არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას. როგორც იუწყებიან, განსაკუთრებული წინააღმდეგობით გამოირჩევიან გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები. რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საჯაროდაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვას.
დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.