რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმიტ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მისალოცი წერილი მისწერა, სადაც ფხენინანთან ურთიერთობების გაღრმავების დაპირებით გამოვიდა.
წერილში პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას "ყოვლისმომცველი და კონსტრუქციული" ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად.
პუტინის წერილის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
პუტინის თქმით, ორმხრივი კავშირების გაძლიერება ორივე ქვეყნის ინტერესებშია.
"გარდა ამისა, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთად შეძლებენ გააძლიერონ უსაფრთხოება და სტაბილურობა კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მთელ რეგიონში", - წერს რუსეთის პრეზიდენტი.
გავრცელებული ცნობით, კიმ ჩენ ინმა პუტინს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც ის წერს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის "სტრატეგიული და ტაქტიკური თანამშრომლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა" ახალ მასშტაბებს აღწევს.
კიმ ჩენ ინი ხაზს უსვამს საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას "საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მტრული შეიარაღებული ძალების პროვოკაციების აღსაკვეთად".
ჩრდილოეთ კორეის სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა მათი ლიდერი მტრულ ძალებში, თუმცა კიმ ჩენ ინი, ტრადიციულად, ამ ტერმინს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიმართ იყენებს.
ივლისში ჩრდილოეთ კორეა იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც ოფიციალურად აღიარა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ორი რეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში. საპასუხოდ, უკრაინამ, რომელიც ებრძვის რუსეთის შეჭრას მის ტერიტორიაზე, შეწყვიტა ყველა დიპლომატიური კავშირი ფხენიანთან.