უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის წარმოება დაიწყება. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ ჩარჩო შეთანხმების გაფორმებაზე დრონების ქარხნის მშენებლობასა და წარმოების შესახებ. შეთანხმებაზე ხელის მოწერა კიევში თურქეთის დელეგაციის ვიზიტის დროს იგეგმება.
მინისტრის თქმით, უკრაინაში ასევე შეიქმნება უპილოტო საფრენი აპარატების მართვის სპეციალისტების სწავლების ცენტრი.
თურქული დრონები იფრენენ უკრაინული წარმოების ძრავებით. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ თურქული კომპანია Bayraktar Savunma-ს გადაწყვეტილებით, მომდევნო თაობის დრონები უკრაინული წარმოების ძრავებს "მოტორ სიჩს" გამოიყენებენ.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კიევი მზად არის მიიღოს თურქეთის წინადადება სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვაზე დონბასში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ამისთვის მოსკოვის თანხმობაა საჭირო.
"უკრაინული მხარე მზად არის სტამბოლის მოლაპარკებებისთვის, ასევე ჟენევასა და ვენაში, ნებისმიერ ადგილზე, სადაც არის არაანგაჟირება, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია მეორე მხარის თანხმობა", - აღნიშნა მინისტრმა.
ორი კვირით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განახაცხადა, რომ მზად არის უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაში შუამავლის როლი იკისროს. დღეს, 3 თებერვალს ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა.
2021 წლის ოქტომბრის ბოლოს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-ი ოფიციალურად პირველად გამოიყენა დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ, რამაც რუსეთის მწვავე კრიტიკა და გერმანიის შეშფოთება გამოიწვია. კიევმა დრონების გამოყენება თავდაცვის უფლებით ახსნა.
მოსალოდნელია, რომ კრემლი შეშფოთებით შეხვდება თურქული დრონების უკრაინაში წარმოების შესახებ გავრცელებულ ცნობას.
გასულ წელს, კრემლი თურქეთის მიერ უკრაინისთვის დრონების მიყიდვის გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ თურქული მოიერიშეები აღმოსავეთ უკრაინაში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.
კრემლის კრიტიკამ კიდევ უფრო ახალ მასშტაბს მიაღწია მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ დონბასის რეგიონში პირველად გამოიყენა უპილოტო აპარატი მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარის გასანადგურებლად.
კიევის განცხადებით, მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარის განადგურებისას, მას არ გადაუკვეთავს გამყოფი ხაზი. ამასთან, კიევმა განმარტა, რომ საარტილერიო სისტემა კონფლიქტის ზონაში არ უნდა ყოფილიყო.