რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა "უსაფრთხოების გარანტიებთან" დაკავშირებით დასავლეთის საპასუხო წერილებზე.
პუტინმა ბრალი დასდო დასავლეთს რუსეთის "ფუნდამენტური შეშფოთების" უგულვებელყოფასა და ომის გაღვივების მცდელობაში.
"აშკარაა, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება იგნორირებულია", - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, აშშ და ნატო უგულებელყოფენ რუსეთის შეშფოთებას, როდესაც საუბრობენ სხვა ქვეყნების უფლებებზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ და დასძინა, "არ ითვალისწინებენ იმას, რომ არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის უსაფრთოების გაძლიერება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე".
პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ და ასეთ შემთხვევაში ომის საფრთხეზე მიანიშნა.
პუტინის თქმით, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება, ყირიმის გამო რუსეთსა და ალიანსს შორის სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს შექმნის.
"დოქტრინალურ დოკუმენტებში თავად უკრაინის მიერ ჩაწერილია, რომ ის აპირებს ყირიმის დაბრუნებას, მათ შორის სამხედრო გზით", - განაცხადა პუტინმა.
"წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია, იარაღით სავსე. დგას [უკრაინაში] თანამედროვე დარტყმითი სისტემები, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში და იწყებს ოპერაციას ყირიმში, არ ვსაუბრობ დონბასზე. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციებს. ჩვენ, რა ნატო-ს ბლოკის წინააღმდეგ უნდა ვიომოთ? ვინმე ამაზე დაფიქრებულა? როგორც ჩანს, არა", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში კრემლმა დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა, რომელიც მოიცავს ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმას.
26 იანვარს აშშ-მა რუსეთს წარუდგინა წერილობითი პასუხი, რომელშიც განაცხადა, რომ ნატო უარს არ იტყვის გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება აირჩიოს მოკავშირეები და ალიანსები.