ნატო არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 იანვარს BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ არ ვგეგმავთ ნატო-ს საბრძოლო დანაყოფების უკრაინაში განთავსებას", - ციტირებს BBC სტოლტენბერგის სიტყვებს.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან კონფლიქტში "კიევის მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული", თუმცა ხაზგასმით განასხვავა ალინსის მიდგომები ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ნატო-ს წევრი ქვეყნის დაცვას და იმ სახელმწიფოს დაცვას, რომელიც არ არის მისი ნაწილი.
ამასთან, სტოლტენბერგი კვლავ დაჰპირდა მხარდაჭერას ისეთ "ძლიერ და უაღრესად ღირებულ პარტნიორს, როგორიც უკრაინაა".
"ამასთან დაკავშირებით, ეჭვები არ არსებობს", - დასძინა მან.
28 იანვარს იენს სტოლტენბერგმა არ გამორიცხა, რომ რუსული ჯარების კონცენტრაციამ უკრაინის საზღვართან შესაძლოა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გამოიწვიოს. მანვე აღნიშნა, რომ ნატო მზადაა უპასუხოს რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში.