რუსეთი თებერვლის დასაწყისში დაგეგმილ საზღვაო-სამხედრო წვრთნებს ირლანდიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში აღარ ჩაატარებს.
ოფიციალური დუბლინის მწვავე განცხადებებისა და ირლანდიელი მეთევზეების პროტესტის გამო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მანევრების სხვა ტერიტორიაზე გადატანა გადაწყვიტა.
როგორც ირლანდიაში რუსეთის საელჩო იტყობინება, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ აღნიშნული გადაწყვეტილება "ირლანდიის მთავრობისა და მეთევზეთა ასოციაციის თხოვნის საპასუხოდ მიიღო".
საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში შოიგუს გადაწყვეტილება აღწერილია, როგორც "კეთილგანწყობის დამადასტურებელი ჟესტი".
ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი საიმონ კოუენი მიესალმა წვრთნების გადატანას ირლანდიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა.
"ამ კვირაში წერილი მივწერე ჩემს რუს კოლეგას და ვთხოვე, ირლანდიის სანაპიროებთან საზღვაო-სამხედრო მანევრების გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. პასუხად მივიღე წერილი, სადაც დადასტურებულია, რომ წვრთნები გადატანილია ირლანდიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა. მივესალმები ამ პასუხს", - განაცხადა კოუენმა.
ტერიტორია, სადაც რუსეთის საზღვაო ძალები მანევრების ჩატარებას აპირებდა, საერთაშორისო წყლებს მიეკუთვნება, თუმცა ირლანდიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას მოიცავს.
რუსეთის გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მეთევზეების აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც წვრთნების ჩაშლითა და საწვრთნელ ტერიტორიაზე სათევზაო გემების შეყვანით იმუქრებოდნენ. მეთევზეები შიშობდნენ, რომ წვრთნები უარყოფითად იმოქმედებდა რეგიონში თევზის მარაგებზე.
ამასთან დაკავშირებით, 27 იანვარს მეთევზეებს დუბლინში რუსეთის ელჩი იური ფილატოვი შეხვდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს რუსეთის საზღვაო ძალების წვრთნების ატლანტიკის ოკეანეში გადატანის საკითხზე.
მანამდე, ირლანდიის მთავრობა იუწყებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებას არ მიესალმებოდნენ.
რუსეთს ამ რეგიონში სამხედრო-საზღვაო წვრთნების ჩატარებას პირველად ჰქონდა განზრახული.