შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ მოთხოვნილ "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ საპასუხო წერილის შინაარში მოსკოვში გაგზავნამდე უკრაინას გააცნო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
"ჩვენ ვნახეთ აშშ-ს წერილობითი პასუხი, სანამ რუსეთს გადაეცემოდა, უკრაინული მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა რუსეთთან ყველა კონტაქტის დაწყებამდე და მას შემდეგ, უკრაინასთან მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოს. უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. ოქროს წესი", - წერს კულება სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნატომ და შეერთებულმა შტატებმა, კრემლის მოთხოვნების პასუხად რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საკუთარი წინადადებები გადასცეს.
ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, ბრიუსელსა და ვაშინგტონში საგანგებო პრესკონფერენციები გამართეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მათი განცხადებით, ვაშინგტონმა და ნატო-მ უარყვეს კრემლის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმას ეხებოდა.
დასავლეთის წერილობით პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა. ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის პასუხში არის პოზიტიური მომენტები სერიოზული დიალოგისთვის, მაგრამ არ არის რეაქცია რუსეთის მიერ დასმულ მთავარ საკითხზე.
მან აღნიშნა, რომ მთავარი საკითხია აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების დაუშვებლობა და ბირთვული იარაღის განლაგება, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რუსეთის ტერიტორიას.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ნატოს პასუხებს რუსეთის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე ვლადიმირ პუტინს წარუდგენს, რის შემდეგაც ის შემდგომი ნაბიჯების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.