27 იანვარს მსოფლიოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
გასულ წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
ხსოვნის დღეს ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის, ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება.
"ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა",- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ეს თარიღი დაკავშირებულია 1945 წლის 27 იანვართან, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე ნაცისტური "სიკვდილის ბანაკიდან" აუშვიციდან სიკვდილისთვის განწირული, ათასობით დატყვევებული ადამიანი გაათავისუფლეს.
ნაცისტურმა გერმანიამ 1941-1945 წლებში, 6 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნაცისტურმი რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით ებრაელებს დევნიდა.
სწორედ აუშვიცის ბანაკი იყო ნაცისტური გერმანიის სისასტიკის მთავარი ცენტრი, სადაც ადამიანებს ატყვევებდნენ და სასტიკი მეთოდებით უსწრაფებდნენ სიცოცხლეს. 1947 წლიდან ამ ტერიტორიაზე მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
2006 წლიდან, გაეროს გადაწყვეტილებით, აუშვიცის გათავისუფლების თარიღი აღინიშნება, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.
დღეს, 17.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.