ინდოეთის კარნატაკის შტატში ორ ადამიანს „ომიკრონი“ დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეა, 66 წლის კაცმა ინდოეთი უკვე დატოვა.
მეორე ინფიცირებული - 46 წლის ექიმი ქალაქ ბენგალურუდან არის და მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ „ომიკრონი“ ინფექციის გავრცელების დიდ რისკს ქმნის. როგორც ადგილობრივი ინფექციონისტები ამბობენ, ორივე პაციენტს საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნება.
სპეციალისტებმა კონტაქტები უკვე დაადგინეს და მათი ტესტირება მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, 5 პირი, ვისთანაც დაავადებულებს ჰქონდათ კონტაქტი, კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ახლა მიმდინარეობს კვლევა, არის თუ არა ეს „ომიკრონის“ შტამი.
ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, უკვე რამდენიმე დღეა, ინდოეთმა „რისკის შემცველი“ ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებზე ახალი შეზღუდვები დააწესა. ქვეყნებს შორის არის: დიდი ბრიტანეთი, სახმრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ბანგლადეში, ჰონგ-კონგი და ისრაელი.
მგზავრები აეროპორტშივე გაივლიან ტესტირებას და ვერ დატოვებენ აეროპორტს, ვიდრე მათი ტესტების პასუხი არ იქნება ცნობილი. კოვიდდადებითებს იზოლაციაში გადაიყვანენ და უმკურნალებენ, ნიმუშებს კი სეკვენირებისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნიან.
კოვიდუარყოფითი მგზავრები სახლში, 7 დღის კანმავლობაში კარანტინში უნდა იყვნენ. მათ მერვე დღეს ტესტი კვლავ უნდა ჩაიტარონ.