პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, - ამბობს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, საქართველოში, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკლ გალერი.
გალერის განცხადებით, საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან.
"ეს ძალიან შემაშფოთებელია. არამარტო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩს, არამედ, პრეზიდენტმაც გვითხრა რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოა.
ეს აჩვენებს, რომ არიან სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან. თუ შემთხვევით, ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს", - თქვა გალერმა.