ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ლისაბონის სესიის მიმდინარეობისას რეზოლუცია მოამზადა, რომელიც რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებზეა ფოკუსირებული.
რეზოლუციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომელიც საფრთხედ არის აღიარებული ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ლისაბონის სესიაზე პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა, დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აღნიშნავს რუსეთის მუდმივ ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტაბილურობას. რეზოლუცია ასევე გმობს, რუსეთის მცდელობებს, ყველა ღონე იხმაროს, ამ ქვეყნების ევროატლანტიკური გეზის შესაცვლელად.
ამასთანავე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო.
საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს, რუსეთმა პირნათლად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების განხორციელება.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს მოკავშირე ქვეყნებს, გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალისხმევის მხარდაჭერა, გამოხატოს სოლიდარობა ერთობლივი წვრთნებით და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელოს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიების დროებითი ოკუპაციის და უკანონო ანექსიის დაგმობა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში.