ერთიანი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია თბილისში გრძელდება.
დღეს, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ნონიაშვილი კრწანისის მოსახლეობას შეხვდნენ და ოპოზიციის საერთო კანდიდატი, "დროას" წევრი - თამაზ ახობაძე წარუდგინეს.
"პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი. გამარჯვებას ყველაზე დიდი გემო, ოპოზიციიდან აქვს.
მაშინ, როდესაც, მილიარდერ ადამიანს ებრძვი, რომელმაც წყობილება რეჟიმად აქცია და აქვს უპირატესობა ფინანსური თვალსაზრისით. თითქოს, ეს უპირატესობა არის, მაგრამ სინამდვილეში, ეს მოჩვენებითი უპირატესობაა.
მთავარი რამ არ აქვს მას - ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ცვლილებების მოლოდინშია. ეს ცვლილებები თავისით არ მოვა, ამას სჭირდება მტკიცე ნება და რწმენა - პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა.
ჩვენს თაობებს მოგვეცა უნიკალური შანსი, უდიდესი წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს მშენებლობაში. 2 ოქტომბერი არის ეს შანსი.
გავა ათეული წლები და ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ, რომ მათი ბაბუები ებრძოდნენ ოლიგარქს და მოუგეს. მას ჰქონდა მილიარდები, მაგრამ ჩვენ გვქონდა რწმენა. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი ან დასასრული. დასასრულს მიუახლოვდა რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნა", - თქვა ნიკა მელიამ.