ანონის უზენაესობა და ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
"ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით მოსამართლეთა კომენტარებით, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ისინი მზად არიან, ყველასთან ითანამშრომლონ. ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები 25 წელზე მეტია საქართველოს სწორედ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კანონის უზენაესობა და ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ასევე შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმაზე ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შესახებ. 19 აპრილის შეთანხმება ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ ჩატარდება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული დისკუსია და კონსულტაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სასამართლო რეფორმა საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის.
ვფიქრობ, ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს დებატები, კონსულტაციები, რომელიც სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს, მალე შესაძლოა დაინტერესებული მხარეებთან: სამოქალაქო საზოგადოებასთან, პროფესიულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩატარდეს. ეს არის ის, რის შესახებაც შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები 19 აპრილის შეთანხმებით, არანაირი ცალკეული და საიდუმლო შეთანხმება არ მომხდარა. ყველაფერი აქ, 19 აპრილის შეთანხმებაშია ნათლად ჩაწერილი", - თქვა ელჩმა დეგნანმა.