რუსეთი აღაშფოთა უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ახალმა ფორმამ, რომელზეც უკრაინის რუკა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია გამოსახული.
უკრაინამ ევროპის საფეხბურთო ჩეპიონატ ევრო 2020-ისთვის წარადგინა ნაკრების ახალი ფორმა, რომელზეც გამოსახულია უკრაინის რუკა, მათ შორის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტოლირებადი რეგიონები - დონეცკი და ლუგანსკი და პატრიოტული სლოგანი "დიდება უკრაინას".
რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა და ამტკიცებს, რომ ის მისი ტერიტორიის ნაწილია, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უარყოფს.
რუსმა პოლიტიკოსებმა უკრაინის ნაკრების ახალ ფორმას "პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკრიტიკა უკრაინის საფეხბურთო ნაკრები და განაცხადა, რომ "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის კუთვნილი ყირიმის მიმაგრება შეუძლებლის ილუზიას ქმნის".
უკრაინის ნაკრების ფორმასთან დაკავშირებით UEFA-მ განაცხადა, რომ იგი დამტკიცებულია ევროპის საფეხბურთო ასოციაციის მიერ, ყველა წესის დაცვით.
2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.