ნიკა მელია რატომ წავიდა სააკაშვილთან, ეს კითხვა რიტორიკულად ჟღერს – თავის უფროსთან წავიდა ადამიანი, - ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
მისი თქმით, გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერ შეასრულა, ეს უნდა განიხილოს იმ ადამიანთან, ვისგანაც ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული.
"ვერ გაუვიდათ რევოლუციური სცენარი. მოცემულობაა, რომ სააკაშვილია ლიდერი და ვინც იტყვის, რომ ლიდერი არაა და პოლიტიკიდან უნდა გავიდეს, სააკაშვილმა მათ მიმართ ძალიან ხისტი შეფასება გააკეთა. საკმაოდ დამთრგუნველი და დამამცირებელი შეფასება იყო მათ მიმართ, ვინც გაიფიქრებს, რომ სააკაშვილი ჩამოსცილდა პოლიტიკას და არ ხელმძღვანელობს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა დესტრუქციაა. ამაში ჯდება ნიკანორ მელიას დანაშაულებრივი ქმედებებიც. დანაშაულია, როცა პარლამენტში იჭრები. ასეთივე ამოცანა იყო მისი ციხეში მოხვედრა და პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება. არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული და იმსჯელებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებზე. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ კიევში ვოიაჟიც სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის გარკვეული გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.