შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI 2020 წელი შეაფასა, როგორც "საშინელი" წელი და განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულმა ეროვნულმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა.
ამის შესახებ მონარქმა ყოველწლიური სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მარცხი განვიცადეთ. უამრავი ადამიანი დაიღუპა და ეს საშინელებაა", - თქვა მეფემ მიმართვისას.
"შვედმა ხალმა მძიმე დღეები გამოიარა. ადამიანები ვერ ახერხებდნენ დამშვიდობებოდნენ ოჯახის გარდაცვლილ წევრებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მძიმე და ტრავმული გამოცდილება", - დასძინა მონარქმა.
ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 350 000 შემთხვევა დაფიქსირდა და 7 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიასთან ბრძოლის მეთოდების გამო შვედეთი მანამდეც გამხდარა კრიტიკის ობიექტი.
შვედეთმა პანდემიის დაწყებისთანავე უარი თქვა მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე, მთლიანად დაეყრდნო მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გრძნობას და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდა. ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად არ მიუღიათ სოციალური დისტანცირების, ან ნიღბის ტარების ვალდებულება.
შვედეთს არასოდეს დაუწესებია ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები, ე.წ. "ლოკდაუნი" და სკოლების, ბარებისა და რესტორნების უმეტესობა ღიაა. ამასთან, ზოგიერთ საშუალო სკოლას მხოლოდ ახლა მოუწოდეს, გადასულიყვნენ დისტანციურ სწავლებაზე.
ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ეროვნულმა სტრატეგიამ ვერ შეძლო ხანდაზმულთა ვირუსისგან დაცვა მოვლის სახლებში - რისთვისაც მთავრობამ პასუხისმგებლობა აღიარა.
შვედეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა 90%-ზე მეტი 70 წელს გადაცილებული იყო და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი ხანდაზმულთა მზრუნველობის ცენტრებში ცხოვრობდა.
ფოტო: Reuters