შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაგრძობს მომავალი ადმინისტრაციის წევრების წარდგენას.
ბაიდენმა ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივნის კანდიდატად პიტ ბუტიჯეჯი წარადგინა.
სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ბუტიჯეჯი ამერიკის ისტორიაში ლგბტქ თემის პირველი ღია წარმომადგენელი იქნება მთავრობის კაბინეტში.
მანამდე ჯო ბაიდენმა წარადგინა სახელმწიფო მდივნის, თავდაცვის მდივნის, გაეროში აშშ-ის ელჩის, საშინაო საკითხთა საბჭოს დირექტორის და სხვა თანამდებობის კანდიდატები.
პიტ ბუტიჯეჯი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში იღებდა მონაწილეობას დემოკრატიული პარტიიდან. პირველ ეტაპზე ბუტიჯეჯმა გარკვეეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა მოგვიანებით მან კანდიდატურა მოხსნა და ჯო ბაიდენს გამოუცხადა მხარდაჭერა.
პიტ ბუტიჯეჯი ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2007 წელს დაასრულა სასწავლებელი საუკეთესო შედეგებით ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებებში. ის ასევე მსახურობდა ავღანეთში.
2015 წელს მან ღიად განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და გასულ წელს დაქორწინდა სკოლის მასწავლებელზე.