რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის რამდენიმე მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივანის, მაიკო პომპეოს განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, სანქციები დაუწესდა თურქთის თავდაცვის მრეწველობის სამდივნოს და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.
"ჩვენი გაფრთხილების მიუხედავათ, თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენა და გამოცდა დაიწყო. დღევანდელი სანქციები ნათელყოფს ჩვენს განზრახვას, სრულად განვახორციელოთ CAATSA [სანქციების საშუალებით ამერიკის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური აქტი] არ შევურიგდებით რუსეთის თავდაცვის სექტორთან მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას", - განაცხადა მაიკ პომპეომ.
სანქციები მოიცავს აქტივებისა და ვიზების გაყინვას დემირისა და მისი სამდივნოს კიდევ რამდენიმე თანამშრომლისთვის.
პომპეო აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ აცნობა თურქეთის ყველა დონის ოფიციალურ პირს, რომ სარაკეტო სისტემის შეძენა საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის სამხედრო ტქნიკასა და პერსონალს. გარდა ამისა, ამ გზით ნატო-ს წევრი თურქეთი აფინანსებს რუსეთის თავდაცვის სექტორს და შესაძლებლობას აძლევს მას, წვდომა ჰქონდეს თურქეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე.
"ამის მიუხედავად, თურქეთმა გადაწყვიტა გააგრძელოს С-400-ის შეძენისა და ტესტირების პროცესი, მიუხედავად არსებული ალტერნატიული, თავსებადი ნატოს სისტემებისა, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა თურქეთს მიაწოდა 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო სისტემა.