12 დეკემბერს, ვისკონსინის შტატის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ავოკატების სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო 200 ათასზე მეტი ბიულეტენის გაბათილება. იუწყება Associated Press-ი.
სააგენტოს ცნობით, ტრამპის მიერ ნომინირებულმა მოსამართლემ, ბრეტ ლუდვიგმა სასამართლოს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ სარჩელი არ იყო დაფუძნებული "ფაქტებსა და არგუმენტებზე".
ტრამპის ადვოკატები ვისკონსინის შტატის ორ საარჩევნო ოლქში - მილოუკსა და დეინში - 221 ათასზე მეტი ბიულეტენის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
მანამდე ვისკონსინის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ენ ჯეიკობსმა და გუბერნატორმა ევერსმა ოფიციალურად დაადასტურეს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
შეგახსენებთ, გუშინ, შეერთებული შტატების უზენასმა სასამართლომ უარყო ტეხასის შტატის გენერალური პროკურორის სარჩელი, რომლითაც 4 შტატის არჩევნების შედეგების გაბათილება იყო მოთხოვნილი. გარდა ამისა, 8 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ერთხმად უარყო რესპუბლიკელთა სარჩელი პენსილვანიის შტატში მილიონობით ხმების გაუქმების მოთხოვნით.
დონალდ ტრამპი 3 ნოემბრიდან აცხადებს, რომ დემოკრატებმა "მოპარეს არჩევნებში გამარჯვება" მასიური გაყალბების გზით. ამასთან, დღემდე არც ტრამპს და არც მის ადვოკატებს არ წარმოუდგენიათ გაყალბების დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ტრამპის გუნდის მიერ შეტანილი ათობით სარჩელი უარყოფილ იქნა სხვადასხვა შტატის სასამართლოებში. გასულ კვირას აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ აღმოაჩინა ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელიც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.
ფოტო: Reuters