ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენ ვართ უთანასწორო ქვეყანა და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი ფუფუნებაში ცხოვრობს, მეორე დიდი ნაწილი კი, სიღარიბეში, - თქვა პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ბექა ნაცვლიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.
"უკვე 30 წელია პოლიტიკოსები მითების ტყვეობაში გვაცხოვრებენ. თითქოს ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ამიტომ არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღირსეული ცხოვრება - ეს ტყუილია. ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენ ვართ უთანასწორო ქვეყანა და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი ფუფუნებაში ცხოვრობს, მეორე დიდი ნაწილი კი, სიღარიბეში. მეორე რასაც გვატყუებენ არის ის, რომ თუ შენ შრომისმოყვარე ხარ და ხელს გაანძრევ, აუცილებლად კარგად იცხოვრებ. გადახედონ მაგალითად სუპერმარკეტში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც 300 და 400 ლარზე მუშაობენ 12 საათის განმავლობაში.
ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, მინიმალური ხელფასის კანონი მაქვს დარეგისტრირებული და ვიქნები, თუ არა, პარლამენტში ამ საკითხს ქუჩიდან გავიტან. ეს არის გადასახადების საკითხი, სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. 1000 ლარამდე ხელფასი დღეს, საქართველოში 350 000 ადამიანს აქვს პანდემიიდან გამომდინარე, ისინიც და სხვებიც, ვისაც 8 და 9 ათასი აქვს ხელფასი 20%-ს იხდიან. ეს დედამიწაზე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მხოლოდ ჩვენთან არის. ჩვენ ჩვეულებრივ ექსპერიმენტად ვიქეცით, ამის შეცვლა გვინდოდა ჩვენ "ქართულ ოცნებაში" გულწრფელად, რომ ვთქვა, თუმცა არაფერი გააკეთეს”, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.